2019 წლის 5 თებერვალს გაიმართა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ადგილობრივ მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის. შეხვედრაზე მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელი შედეგებსა და რეგლამენტით გამოწვეული პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცის წევრი კომპანიები, მწარმოებლები „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ და „ლომისი“ „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ითხოვენ ბიზნეს სექტორს მიეცეს დამატებითი დრო და შესაბამისი განმარტებები ტექნიკური რეგლამენტით გათვალისიწნებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა კომპანიება, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელშეწყობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით ბიზნესომბუდსმენის ოფისს მიმართეს. აპარატი აგრძელებს საკითხზე მუშაობას მათი ინტერესების დასაცავად და შესაბამისი დასკვნა უკვე გაეგზავნა საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობამ ბიზნესის მოთხოვნით და ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციით „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6თვით გადაწია და დღევანდელი მდგომარეობით ახალი რეგლამენტი ძალაში 2019წლის 1მარტიდან შედის. თუმცა, 2018 წლის 31 ოქტომბრის N519 დადგენილების საფუძველზე ზემოაღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტში დამატებით განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2018 წლის 5 ნოემბერს ამოქმედდა და რომლის თანახმადაც ისევ შეიცვალა პროდუქტის ეტიკეტირების რიგი წესები. მათ შორის, აღნიშნული ცვლილებით სავალდებულო გახდა საქონლის დამზადების თარიღის მითითება (დადგენილების პირვანდელი ვერსია აღნიშნულს არ ითვალისწინებდა), რამაც ახალი გარემოებებისა და ტექნიკური მოთხოვნების ახალი ცვლილებების წინაშე დააყენა ბიზნესსექტორი.

„2019 წლის ეტიკეტებში, რომელიც მწარმოებლების მიერ 2018 წელსვე დიდი რაოდენობით იქნა დაბეჭდილი, ვერ მოხდა ახალი ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული ცვლილებების გათვალისწინება, რამაც კომპანიები დააყენა შესაძლო ზარალის საფრთხის წინაშე. თუ მათ არ მიეცემათ უკვე დაბეჭდილი ეტიკეტების გამოყენების საშუალება, მაშინ უნდა მოხდეს მათი ჩამოწერა, რაც დიდად დააზარალებს თითოეულ მწარმოებელს. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე შინაარსობრივი საკითხი ეტიკეტზე ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს უფრო მკაფიო განმარტებებს და სტანდატრტიზაციას. იმისათვის, რომ ახალმა ტექნიკურმა რეგლამენტმა კომპანიები არ დააზარალოს, მისი ამოქმედება გონივრული პერიოდით უნდა გადავადდეს და სურსათის ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგულაციების შესასრულებლად ბიზნესსექტორს მკაფიო განმარტებები უნდა მიეცეს. პროცესში ჩართული ყველა მხარე ღიაა კონსულტაციებისათვის და ვაგრძელებთ საკითხზე აქტიურად მუშაობას”. - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია და სურსათის ეროვნული სააგენტოს, კომპანიების - ვიმ-ბილ-დან საქართველოს, ლომისის, ქართული ლუდის კომპანიის, ბარამბოს, გლობალ ბიერ ჯორჯიას, პეპსის, არგოს, დიოლერის, კოკა-კოლას და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.
 

წყარო: სქართველოს ბიზნესომბუდსმენი/Business Ombudsman of Georgia