იურიდიული მომსახურება

Nexia TA გთავაზობთ იურიდიულ მხარდაჭერას თქვენი ბიზნესისათვის.

Nexia TA-ს იურისტები სპეციალიზებული არიან ბიზნეს სამართალზე და ქონებრივ დავებზე. მათ შეუძლიათ გაგიწიონ იურიდიული დახმარება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც თქვენ ბიზნესს შეიძლება დაჭირდეს.

Nexia TA გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

1.       იურიდიული აუდიტი

2.       იურიდიული დახმარება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში

3.       ვალების სწრაფი და ეფექტური ამოღების სისტემის დანერგვა

4.       პრობლემური აქტივების დამუშავება/მართვა, წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში

5.       გასაფორმებელი ხელშეკრულებების დამუშავება

6.       ხელშეკრულების შაბლონების მომზადება და მათი შემდგომი დამუშავება

7.       საწარმოს რეგისტრაცია, იურიდიული პირის წესდების შედგენა

8.       მნიშვნელოვანი გარიგებების მხარდაჭერა

9.       იურიდიული კონსულტაცია

10.     მუდმივი წარმომადგენლის გაგზავნა თქვენს ოფისში

Nexia TA-ს ზოგიერთი იურიდიული სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაშიც კითუ თქვენ გყავთ საკუთარი იურიდიული სამსახური ან იურისტი.

იურიდიული აუდიტი - Nexia TA-ს იურიდიული ჯგუფი გთავაზობთ თქვენ კომპანიაში გაფორმებული ყველა ხელშეკრულების, სადამფუძნებლო დოკუმენტების, შიდა ბრძანებების, პარტნიორთა გადაწყვეტილებების, შინაგანაწესის და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების შემოწმებას, ასევე, თქვენი კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის დადგენას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონთან, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსთან და სხვა საკანონმდებლო აქტებთან. მომსახურება მოიცავს რეკომენდაციების გაწევას თქვენი იურიდიული სამსახურისათვის/იურისტისთვის სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შიდა რეგულაციების შემუშავებას ან/და რეკომენდაციების გაწევას ბიზნეს პროცესების შეცვლასთან დაკავშირებით.  აღნიშნული სერვისით თქვენ შეძლებთ თქვენი იურიდიული სამსახურის/იურისტის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი მუშაობის ხარისხის შემოწმებას, ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირებთ ფულადი დანაკარგების რისკებს.

იურიდიული დახმარება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში - შრომითი უფლებების დაცვას საქართველოში ბოლო წლებში საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა. გაიზარდა სასამართლოში დასაქმებულების მხრიდან შრომით-სამართლებრივი დავები. შრომის სამართლისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ნებისმიერი კომპანიისათვის შესაძლოა დიდი ფინანსური ზარალის მიზეზი გახდეს, ხოლო რიგ შემთხვევებში, შესაძლოა დადგეს ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხიც. Nexia TA გთავაზობთ შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას, შრომის შინაგანაწესის მომზადებას, რეკომენდაციებს დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან/შეწვეტასთან დაკავშირებით, რეკომენდაციების გაწევას თქვენ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით, რეკომენდაციების გაწევას თანამშრომლების მხრიდან თქვენ კომპანიაში არსებული კომერციული ღირებულების მქონე ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფასთან, კონკურენტების მხრიდან თქვენი კადრების გადაბირების შეზღუდვასთან და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

ვალების სწრაფი და ეფექტური ამოღების სისტემის დანერგვა - ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს კონტრაგენტების მხრიდან ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობა. ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, საკმარისი წინდახედულობის გამოჩენის გარეშე, შესაძლოა პრობლემული ვალების იძულებით (სასამართლოში მიმართვისა და იძულებითი აღსრულების გზით) ამოღება შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს. თანხის ამოსაღებად, კომპანიები წლების განმავლობაში აწარმოებენ დავებს სასამართლოში, ხარჯავენ დამატებით თანხებს სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურებისათვის, ხოლო შემდეგ, აღსრულების ეტაპზე, კუთვნილ თანხას მაინც ვერ იღებენ. ამის გამო, ზოგიერთი კომპანია წინასწარი ანგარიშსწორების გარეშე საერთოდ უარს აცხადებს პარტნიორებთან ურთიერთობის დაწყებაზე, რითიც ამცირებს საქონლის/მომსახურების რეალიზაციას და უმცირდება მოგებაც. ზოგიერთი კომპანია, კონტრაგენტების კეთილსინდისიერების იმედზე, ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით ცდილობს ბიზნესის წარმოებას, თუმცა, როგორც წესი, აღნიშნული მეთოდიც არ ამართლებს და შესაძლოა კომპანია გაკოტრებამდეც კი მიიყვანოს. Nexia TA გთავაზობთ ისეთი სისტემის დანერგვას, რომელიც საგრძნობლად შეგიმცირებთ ფულად დანაკარგებს და შესაძლებელს გახდის გაზარდოთ გაყიდვები მინიმალური რისკების ხარჯზე. აღნიშნულს ჩვენ მივაღწევთ ხელშეკრულების შაბლონების შექმნის, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ვალდებულებების უზრუნველყოფის, დავის გადაწყვეტის გზების გამარტივების, შიდა რეგულაციების შექმნისა და შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვის საშუალებით. შედეგად, თქვენ შეძლებთ საგრძნობლად შეამციროთ დრო ვალის გაპრობლემებიდან იძულებითი აღსრულების დაწყებამდე და შემდეგ რეალურად მიიღოთ კუთვნილი თანხა. ჩვენი შემოთავაზებული სისტემა მოიცავს როგორც კონტრაგენტებთან იურიდიული ფორმალობების მოგვარებას (ხელშეკრულებების გაფორმება და ა.შ.), ასევე რისკების მართვის ელემენტებსა და სხვა არაიურიდიული შინაარსის მოქმედებებსაც, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას.

პრობლემური აქტივების დამუშავება/მართვაწარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში - ჩვენი კომპანია გთავაზობთ პრობლემური აქტივების დამუშავებას, რაც გულისხმობს რეკომენდაციების გაწევას იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებთ საქმის მოგებას სასამართლოში ან/და რამდენად შეძლებთ თანხის ამოღებას მოვალისაგან იძულებითი აღსრულებისას. თუ აშკარაა, რომ სასამართლოში ვერ დადგება თქვენთვის სასურველი შედეგი, ან/და იძულებითი აღსრულებისას ვერ მოახერხებთ მოვალისათვის თანხის გადახდევინებას, თქვენ დავის დაწყებამდე გეცოდინებათ აღნიშნულის შესახებ და აღარ დახარჯავთ ზედმეტ დროს და თანხებს. Nexia TA გთავაზობთ ასევე პრობლემური აქტივების მართვის მომსახურებას, რაც გულიხსმობს კომუნიკაციას თქვენს მოვალეებთან, მოლაპარაკების წარმოებას ვალის დაფარვასთან დაკავშირებით, მოვალეების ქონებრივი მდგომარეობის პერიოდულ გადამოწმებას და რეკომენდაციების გაწევას პრობლემურ აქტივებზე მუშაობის მეთოდთან დაკავშირებით. აღნიშნული სერვისით სარგებლობა საშუალებას მოგცემთ მინიმალური დანახარჯების ფასად მიაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს პრობლემური ვალების ამოღების კუთხით. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ასევე წარმომადგენლობას სასამართლოში და არბიტრაჟში როგორც პრობლემური ვალების ამოღების მიზნით, ასევე ნებისმიერ სხვა, ქონებრივ თუ არაქონებრივ დავაზე, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის სფეროში.

გასაფორმებელი ხელშეკრულებების დამუშავება - ნებისმიერ კომპანიას უწევს ხელშეკრულების გაფორმება კონტრაგენტების შაბლონის მიხედვით, მაგალითად, ბანკში სესხის აღებისას, სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას და ა.შ. როგორც წესი, მსხვილი კომპანიების ხელშეკრულებების შაბლონები საკმაოდ დიდი მოცულობისაა და შეიცავს ბევრ ჩანაწერს, რომელიც შესაძლოა იურიდიული განათლების არმქონე ადამიანისათვის გაუგებარი იყოს. Nexia TA გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც მოიცავს გასაფორმებელი ხელშეკრულებების დამუშავებას, რეკომენდაციების გაწევას მასში ცვლილებების/დამატებების შეტანის თაობაზე, ცვლილებების ტექსტის მომზადებას, მოლაპარაკების წარმოებას კონტრაგენტის წარმომადგენლებთან. შედეგად, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას დარწმუნებული იქნებით, რომ ხელშეკრულების ტექსტი ზუსტად შეესაბამება თქვენს სიტყვიერ შეთანხმებას კონტრაგენტთან, ხელშეკრულება არ შეიცავს ისეთ პუნქტებს, რომელიც თქვენთვის უცნობია ან/და გაკისრებთ არასასურველ ვალდებულებებს.

ხელშეკრულების შაბლონების მომზადება და მათი შემდგომი დამუშავება - ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს ოპერაციების სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება. ურთიერთობის დაწყების ეტაპზე, ხელშეკრულების გაფორმების დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს კლიენტის ან/და პარტნიორის დაკარგვა, ხოლო ხელშეკრულების გარეშე ურთიერთობის დაწყებამ შესაძლოა დაგტოვოთ მხოლოდ პარტნიორების/კლიენტების კეთილსინდისიერების იმედზე და გამოგაცალოთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში დაიცვათ თქვენი უფლებები იძულებითი მექანიზმების მეშვეობით. შედეგად, თქვენი ბიზნესი დაკარგავს შემოსავალს. იმისათვის, რომ იურიდიული ფორმალობების მოგვარებამ მინიმალურად იმოქმედოს თქვენს ბიზნესზე, აუცილებელია გქონდეთ წინასწარ მომზადებული ხელშეკრულებების შაბლონები, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული თქვენი ყველა მოთხოვნა და მაქსიმალურად იქნება დაზღვეული შესაძლო რისკები. ხელშეკრულების შაბლონების წინასწარ მომზადებით, თქვენ შეძლებთ პარტნიორებთან ბიზნეს ოპერაციების სწრაფად და უსაფრთხოდ დაწყებას და განხორციელებას. რა თქმა უნდა ხელშეკრულებაში შეუძლებელია ყველა წვრილმანის გათვალისწინება. დროთა განმავლობაში, შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა, რომელიც შაბლონების მომზადების ეტაპზე არ ყოფილა გათვალისწინებული, ასევე, შესაძლოა კანონმდებლობაში განხორციელდეს ცვლილებები. შესაბამისად, მომზადებული შაბლონები საჭიროებს მუდმივ დამუშავებას და გაუმჯობესებას. ჩვენი კომპანია გთავაზობთ შაბლონების მომზადებისა და მათი პერიოდული დამუშავების მომსახურებას.

საწარმოს რეგისტრაციაიურიდიული პირის წესდების შედგენა - თუ აპირებთ ბიზნესის დაწყებას საქართველოში და არ გაქვთ დრო იმისათვის, რომ თავად გაერკვეთ კომერციული იურიდიული პირების რეგისტრაციის პროცედურებში, ასევე, თუ ბიზნესს იწყებთ პარტნიორთან/პარტნიორებთან ერთად და გსურთ, რომ თქვენ შორის არსებული სიტყვიერი შეთანხმება დეტალურად იქნეს აღწერილი წესდებაში ისე რომ გათვალისწინებული იყოს ყველა რისკი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ბიზნესის წარმოების დროს, Nexia TA-ს იურისტები დაგეხმარებიან აღნიშნული საკითხების მოგვარებაში.

მნიშვნელოვანი გარიგებების მხარდაჭერა - აღნიშნული სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ აპირებთ მნიშვნელოვანი გარიგების დადებას, თუმცა არ გჭირდებათ განგრძობადი იურიდიული მომსახურება, მაგალითად, თუ ყიდულობთ ან ყიდით უძრავ ქონებას, იწყებთ ბიზნესს, აპირებთ იურიდიული პირის რეგისტრაციას, იწყებთ მშენებლობას და გსურთ იყოთ დაცული სამართლებრივი მექანიზმებით,  Nexia TA-ს შეუძლია გაგიწიოთ ერთჯერადი იურიდიული დახმარება თქვენთვის სასურველ ოპერაციაში.

იურიდიული კონსულტაცია - Nexia TA გთავაზობთ იურიდიულ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებთან და საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით. აღნიშნული სერვისით შეუძლია ისარგებლოს თქვენმა იურიდიულმა სამსახურმაც, კერძოდ, Nexia TA-ს შეუძლია გაუწიოს მათ ერთჯერადი, კვალიფიციური წერილობითი ან ზეპირი კონსულტაცია რთულ იურიდიულ კაზუსებთან დაკავშირებით, ქართული კანონმდებლობის, ქართული სასამართლო პრაქტიკის და იურიდიული დოქტრინის საფუძველზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში უცხო ქვეყნების პრაქტიკის ან/და იურიდიული დოქტრინის საფუძველზე. თქვენ იურიდიულ სამსახურს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს ჩვენი კონსულტაცია ჩვენს მიერ მოძიებულ მასალებთან ერთად სასამართლო დავებში, საარბიტრაჟო დავებში, ხელშეკრულების შაბლონების დამუშავებისას და ა.შ.

 მუდმივი წარმომადგენლის გაგზავნა თქვენს ოფისში - თუ ფიქრობთ, რომ ოფისში მუდმივად გესაჭიროებათ კვალიფიციური იურისტი, რომელიც თქვენს მაგივრად მოაგვარებს ნებისმიერ იურიდიულ ფორმალობას, Nexia TA-ს იურიდიულ სამსახურს შეუძლია დაგეხმაროთ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში და გამოგზავნოს მუდმივი წარმომადგენელი. Nexia TA უზრუნველყოფს თქვენთან გამოგზავნილი კადრის მომზადებას და პერიოდულ გადამზადებას, მხარდაჭერის გაწევას სხვადასხვა რთულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მისი საქმიანობის პერიოდულ კონტროლს, ასევე, მისთვის ინფორმაციის მიწოდებას საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით. შედეგად, თქვენ დარწმუნებული იქნებით თქვენი იურისტის მაღალ კვალიფიკაციასა და მისი შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

გიორგი ავალიშვილი

იურიდიული მიმართულების მმართველი პარტნიორი

[email protected]

+995 597 040 420

ალექსანდრე ნაჭყებია

იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი

[email protected]

+995 551  004 366